ცურვა

   ცურვა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე კროლით (თავისუფალი სტილი), ბრასით, ბატერფლაით (დელფინი) და გულაღმა ცურვაში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1926 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-დან _ კაცები, 1912-იდან ქალები.
ცურვას ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანვე დიდი პრაქტიკულ-საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა ჰქონდა, უწინარესად თევზაობის, ნადირობისა და მტერთან შეტაკების დროს. ცურვის შორეულ წარსულზე მეტყველებს არაერთი ნივთიერი თუ წერილობითი საბუთი. ზემო ეგვიპტეში ნაპოვნია თიხის ცილინდრული ტვიფარი, რომელზეც გამოსახულია სამეფო ოჯახში ცურვის გაკვეთილის სცენები (ძვ.წ. 3200 წ.). ლიბიის უდაბნოში კლდეზე გამოსახული მოცურავის ფიგურა ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 3 ათას წელს ითვლის ტურინის მუზეუმში დაცული მოცურავის ბარელიეფი. ცურვის ელემენტები აღბეჭდილია ინდოეთში, საბერძნეთსა და ძველ რომში აღმოჩენილ არაერთ ლარნაკსა და ამფორაზე. მოცურავეთა შესახებ გვიამბობენ ბერძენი ისტორიკოსები, მათ შორის ჰეროდოტე.ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: ”არც ცურვა იცის, არც კითხვა”.
სპორტული ცურვა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩაისახა. პირველი შეჯიბრება გაიმართა 1515 წელს ვენეციაში, პირველი სახელმძღვანელო შეადგინა დანიელმა ნ. ვინმანმა (1538). ცურვის სკოლები გაიხსნა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთში (XVIII საუკუნის II ნახევარში). 1869 წელს ინგლისში შეიქმნა ცურვის მოყვარულთა პირველი სპორტული ორგანიზაცია, პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას კი ბუდაპეშტმა უმასპინძლა (1889). XIX საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში დაიწყეს ხელოვნური საცურაო აუზების მშენებლობა.
ისტორიულად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ცურვის რამდენიმე ძირითადი სტილი. ყველაზე სწრაფი და ეკონომიური ხერხია კროლით მკერდზე ცურვა. 1898 წელს ეს სტილი პირველად გამოიყენა ავსტრალიელმა ალენ ვიკჰემმა, 1902 წელს კი მისმა თანამემამულემ დიკ ქევილმა წარმოადგინა კროლის ტექნიკის გაუმჯობესებული, 2-დარტყმიანი ვარიანტი. ამიტომ ამ სტილს თავდაპირველად ავსტრალიურ კროლად მოიხსენიებდნენ. 100-მეტრიან დისტანციაზე 1-წუთიანი ზღვარი პირველად გადალახა ლეგენდარულმა ჯონ ვაისმიულერმა _ 58.9 წმ (1922). უძველესი სპორტული სტილია ბრასით მკერდზე ცურვა (”ბაყაყური”), რომელიც ინგლისელებმა XVIII საუკუნის 70-იან წლებში ინდოელებისგან გადაიღეს. ბრასით ცურვის ტექნიკა დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან. შეჯიბრებისას ნებადართული იყო ბატერფლაის, როგორც ბრასის ნაირსახეობის გამოყენება. 1953 წელს ბატერფლაი დამოუკიდებელ დისციპლინად აღიარეს და იმავდროულად წესებში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანეს: დაუშვეს ფეხების სიმეტრიული მოძრაობა ვერტიკალურ სიბრტყეში. ასე წარმოიშვა ბატერფლაის ჩქაროსნული ნაირსახეობა _ დელფინი, რომლის ოლიმპიური ისტორიაც 1956-იდან იწყება. გულაღმა ცურვის ოლიმპიური დებიუტი 1900 წელს შედგა და ამან საგრძნობლად შეუწყო ხელი ახალი სტილის დამკვიდრებას. იმდროინდელ შეჯიბრებებში უმთავრესად გულაღმა ბრასს იყენებდნენ. 1912 წლის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკელმა ჰარი ჰებნერმა ე.წ. გადაბრუნებული კროლით გაიმარჯვა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს ხერხი უფრო სწრაფი იყო. ზურგზე ცურვის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ასევე ამერიკელ ადოლფ კიფერს: 30-იან წლებში მან შემოიტანა ფეხების 6-დარტყმიანი რაციონალური ტექნიკა, რითაც საგრძნობლად გაზარდა ცურვის სისწრაფე.
შემდგომმა ტექნიკურმა პროგრესმა, წვრთნის მეთოდიკის სრულყოფამ, საერთაშორისო შეჯიბრებების გახშირებამ, რეკორდების რეგისტრაციის შემოღებამ ცურვა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და მასობრივ სახეობად აქცია.

ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation – FINA) დაარსდა 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში (ინგლისში). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი. ფედერაციაში შექმნილია ცურვის, წყალში ხტომის, წყალბურთისა და ყვინთვის კომიტეტები. აერთიანებს 189 ქვეყნის ფედერაციას.

საქართველოში, ისევე როგორც მთელს რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი ”რუსკი სპორტ” წერდა: ”რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია”. (N1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის მეტიუ ვების მაჩვენებელს. 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).
პირველ მსოფლიო ომამდე სპორტულ ცურვას მხოლოდ ბათუმში მისდევდნენ და, ვინაიდან ქალაქში დახურული აუზი არ იყო, უმეტესად ზაფხულობით ვარჯიშობდნენ. საქართველოში, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ცურვის სწავლებას ყურადღება 1920-30-იან წლებში მიექცა, რასაც ხელი შეუწყო თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბუნებრივ წყალსატევებზე საზაფხულო საცურაო ბაზების მომრავლებამ, მშდ კომპლექსის შემოღებამ (1931), სპეციალური ნორმატივების დაწესებამ და ბავშვთა სპორტული სკოლების დაარსებამ.
1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (იქ, სადაც დღეს რესტორანი ”არაგვია”), აშენდა სსრ კავშირში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი, 1945 წელს _ საქართველოში პირველი 25-მეტრიანი აუზი (მაშინდელი ”დინამოს” სტადიონის ტრიბუნების ქვეშ), 1956 წელს _ ზამთრის პირველი დახურული 50-მეტრიანი აუზი გათბობით (თბილისი, ვაკე). ამავე წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს კიდევ რამდენიმე საცურაო აუზი შეემატა, რამაც სპორტული ცურვის მასობრიობა განაპირობა.
საქართველოს პირველი ოფიციალური რეკორდი 1928 წელს დაამყარა ბათუმელმა ნიკოლოზ პაკროვსკიმ, რომელმაც 100 მ თავისუფალი სტილით 1.08,6 წუთში დაფარა. რეკორდების აღრიცხვა 1934 წელს განახლდა, ამ პერიოდიდან რეგულარულად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც, მათ შორის დღეისათვის უჩვეულო დისციპლინებში: გვერდულად ცურვაში, 50 მ ყუმბარით და შაშხანით, ტანსაცმლით, ტანსაცმლითა და შაშხანით ცურვაში, 25 და 50 მეტრზე ყვინთვაში. კაცებში სპორტის ოსტატის წოდება პირველს მიენიჭა თბილისელ სერგეი ილინს (1939), ქალებში _ ასევე თბილისელ ლია ფაჩულიას (1951).
საუკეთესო სპორტულ შედეგებს საქართველოს მოცურავეებმა XX საუკუნის 20-იან წლებში მიაღწიეს, როცა საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე არაერთი მედალი მოიპოვეს. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წლის საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა (100 მ, ბრასი). მშვენიერაძემ ბრასით ცურვაში 11 რეკორდი დაამყარა, მერე კი წყალბურთში გადავიდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ქალთაგან საკავშირო ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) მოიპოვა ლია ფაჩულიამ (1951, გვერდულად ცურვა). იმავე ჩემპიონატში 2 დისტანცია (200 და 400 მ, გულაღმა ცურვა) მოიგო სოხუმელმა ვლადიმერ ლავრინენკომ. საქართველოს წარმომადგენელთაგან პირველი (ჯერჯერობით ერთადერთი) ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა (1956, 4X200 მ) და მსოფლიოს პირველი რეკორდსმენი (1956, 4X200 მ) გახდა თბილისელი ბორის ნიკიტინი. მანვე პირველმა დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1958, 4X200 მ). ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში პირველმა გაიმარჯვა და რეკორდი დაამყარა თინათინ ლეკვეიშვილმა (1970, 100 მ გულაღმა ცურვა). მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი მედალოსანია (ბრინჯაო) ირინა გერასიმოვა (1975, 4X100, თავისუფალი სტილი). 70-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე გამოირჩეოდნენ იგორ ომელჩენკო და იგორ კუშპელიოვი.
საქართველოს მოცურავეთა პირველი წარმატებები დაკავშირებული იყო ლუკა იოაკიმიდისა და შალვა მუსასტიკოვის ნაყოფიერ საქმიანობასთან. მოგვიანებით გამოჩნდნენ ვლადიმერ სამარინი, მარგალიტა ტატიშვილი, ალექსანდრე საფრონოვი და სხვა დამსახურებული მწვრთნელები.

This entry was posted in სპორტი and tagged . Bookmark the permalink.

2 Responses to ცურვა

  1. MaNvEeL says:

    აუუ როგორ მინდა ცურვა ვიცოდეე..((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s